суббота, 9 июня 2018 г.




                       ჩატარებული სამოდელო გაკვეთილის
                                       რეფლექსია

ვფიქრობ,რომ ჩემ მიერ ჩატარებული ინოვაციური გაკვეთილი შედგა,რადგანაც მიზანი მიღწეულია,მიზანი,რომელიც ,,სწავლა სწავლების,სწავლა თამაშის’’ ახალი მეთოდებით,სტრატეგიებითა და მიდგომებით იყო დატვირთული. მოსწავლეებს ჰქონდათ დეტალური ცოდნა ზმნის მორფოლოგიური სტრუქტურისა,თუმცა ამ ცოდნას სჭირდებოდა სხვაგვარი,უფრო ახლებური ფორმით რეალიზება.სწორედ ამიტომ შევიმუშავე ენობრივ კომპეტენციაზე მორგებული და მოსწავლეებზე ორიენტირებული ინოვაციურ-საგანმანათლებლო მეთოდები თუ აქტივობები   (ესგ-  ს მოთხოვნების გათვალისწინებით),შევქმენი და გამოვიყენე ე.წ სიმულაციურ-საგანმანათლებლო მაკეტი-,,აზროვნების მეფე’’,კოგნიტური სქემები, მუყაოს ქაღალდის ვირტუალური კონსტრუქციები.
 გაკვეთილი  თანმიმდევრული სიზუსტით წარვმართე და  გამოწვევის ფაზაზე გამოვიყენე ინდუქციური მეთოდი.მოსწავლეებისთვის უცხო და მოულოდნელი აღმოჩნდა აქტივობა ,,მასწავლებელი მეზღაპრე’’,რომელმაც ემოციურ დონეზე გაათავისებინა თემატიკის მნიშვნელობა,დააფიქრა,გაააზრებინა წაკითხული ტექსტის შინაარსი ემპათიური მიდგომით და დაწყებული თამაშის პერსონაჟებად აქცია. მოტივაციამ მიზანი გაააქტიურა და ფაქტობრივად,ყველა მომდევნო სახალისო აქტივობაში მოსწავლეებმა შეძლეს როგორც შემეცნებითი,ასევე პრაქტიკული ცოდნა-უნარების რეალიზება.
ყოველი აქტივობა,მართლაც,იყო მათთვის ახალი, ნოვატორული და პროდუქტიული მრავალფეროვან მიზნობრივ რესურსთან ერთად,რომელიც უფრო მეტ  ჩართულობასა და კეთებას მოითხოვდა. მაგ,სიმულაციური წერილი ,,მოხუცი მეცნიერისგან’’, რომელიც თანამშრომლობას სთავაზობდა ანტონიმური,იდიომატურ-ფრაზეოლოგიური და ჟარგონული ზმნური ლექსიკონების დასრულებისთვის. წაკითხულმა წერილმა და ვიზუალურად გაფორმებულმა ლექსიკონმა მათში აღძრა ინტერესი და დავალებასაც არაჩვეულებრივად გაართვეს თავი ჯგუფებში მუშაობისას. ამ აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გაკონტროლება-გააქტიურების,ძიების,დაკვირვების,დახარისხების,აზროვნება-მსჯელობის უნარების განვითარებას.
არანაკლებ საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა აქტივობა ,,ასოციაციური გალერეა’’, რომელმაც განავითარა მოსწავლეთა წარმოსახვა-აღქმის უნარები,როცა კედელზე განთავსებული ანიმაციური პოსტერების შინაარსს დაუკავშირეს ზმნური კატეგორიების სახელწოდებები.

სამუშაო პროცესი უფრო საქმიანი,საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა აქტივობის ,,თავსატეხი კროსვორდი’’შეთავაზება,რომელმაც ხელი შეუწყო ერთდროულად რამდენიმე უნარის განვითარებას:  მუყაოს ქაღალდზე განთავსებულ ასოთა მოხაზულობის ბადეში იპოვეს მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვა,გაარჩიეს კატეგორიების,მწკრივ-სერიების მიხედვით და მსჯელობა დაასაბუთეს ვერბალური არგუმენტებით.ვფიქრობ,რომ სწორედ ამ კომპონენტში იყო გაკვეთილი ყველაზე წარმატებული,რადგანაც მიზანი სწორედ ასეთ შედეგს მოითხოვდა-თეორიული ცოდნის რეალიზება გრამატიკული კონსტრუქციების აგებით.სამუშაო პროცესი იყო თანამშრომლობითი,აქტიური,ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული.
გაკვეთილის კულმინაცია იყო აქტივობა ,,იმიტაციური სიტუაციები’’,რომლითაც მოსწავლეებმა შეძლეს საკუთარი შემოქმედებითი უნარებით,ფანტაზიით და სასცენო ხელოვნებით (მიმიკა,ჟესტი,მოქნილობა) მორალზე დაფუძნებული პატარა ამბავი არავერბალურად გადმოეცათ,რომლითაც დაგმეს ადამიანებში არსებული ნეგატიური თვისებები და პოპულარიზაცია გაუწიეს პოზიტიურ მახასიათებლებს.პერსონაჟთა ქმედებებში ჯგუფებმა ამოიცნეს მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვის ლექსიკური მნიშვნელობები და განათავსეს შეფასების ბარათებზე .
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა,ფაქტობრივად,განამტკიცეს ცოდნა ინოვაციური მეთოდებისა და თამაშით სწავლების სტრატეგიების გამოყენებით,რასაც წარმატებად მივიჩნევ.
მიძნელდება თქმა იმისა,რომელიმე აქტივობა იყო სუსტი,უინტერესო თუ წარუმატებელი.ყველა მათგანს ჰქონდა თავისებური მიზანი,როგორც აღმზრდელობითი,ასევე სასწავლო-შემეცნებითი,რომელმაც ხელი შეუწყო  მოსწავლეთა ცოდნა-გამოცდილების სრულად რეალიზებას,გააქტიურებას, გახსნილობა-თვითდაჯერებულობას.მე კი მომეცა  სტიმული შემდგომში პროფესიული და საგნობრივი განვითარებისთვის.
ვფიქრობ,რომ კოლეგებიც დაინტერესდებიან ჩემი ინოვაციური მეთოდებით,რადგანაც თავისუფლად შეუძლიათ გამოიყენონ ,,სწავლა სწავლებით,სწავლა თამაშით’’ სტრატეგია  პროფესიულ პრაქტიკაში (მიუხედავად განსხვავებული საგნობრივი კომპეტენციისა) და დაგეგმონ სახალისო,საინტერესო გაკვეთილები, რომელიც ხელს შეუწყობს მოძველებული მეთოდების ახლით ჩანაცვლებას  21-ე საუკუნის გამოწვევებზე  მორგებულს.
მომავალში, მსგავსი ტიპის გაკვეთილის დაგემვისას, შევეცდები უფრო მეტი და საინტერესო მეთოდი შევიმუშავო,გამოვიყენო სტრატეგია ,,სწავლა კეთებით’’და ხელი შევუწყო მოსწავლეებს თავად გახდნენ  ნოვატორ-ავტორები.ვფიქრობ,რომ ჩემი მეთოდიკა ამ საჭიროებით და ამ კუთხით მოითხოვს გაუმჯობესებას,რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ.
ქეთევან გიორგაძე
3.05.2018წ

Комментариев нет:

Отправить комментарий