суббота, 10 февраля 2018 г.






                            ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია

  ჩემი გაკვეთილის თემა იყო მიხეილ ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნები’’ სლოგანით  ,,მოუხმარებელი უფლება და ძალადობის ნებართვა’’,ხოლო მიზანი კი ის,რომ მოსწავლეებს აეხსნათ,გამოეკვლიათ,ემსჯელათ და გაეცნობიერებინათ,თუ რას ნიშნავს პიროვნული თავისუფლება,რამ შეუწყო ხელი მისი ნგრევის,შლის პროცესებს; გაეანალიზებინათ ძალადობის არსი ფორმისა და შინაარსის მიხედვით; შეექმნათ პერსონაჟთა ფსიქოლოგიური პორტრეტები და აღექვათ მწერლის გროტესკული რეალიზმი.
გამოწვევის ფაზაზე (კლასის ორგანიზების პროცედურების გაცნობა, განწყობის შექმნა)  მოსწავლეებს, ინტერესის აღძვრისა და მოტივაციის ზრდის თვალსაზრისით,ვუჩვენე წინა გაკვეთილზე ერთობლივად შექმნილი პოსტერი ე.წ. ,,ბოროტების დოლურა’’,შევახსენე შექმნის პროცედურები არსისა და მნიშვნელობის მიხედვით. შემდეგ დავუსვი ზოგადი კითხვები,რომლებიც დაეხმარა ცოდნა-გამოცდილება დაეკავშირებინათ ნაწარმოებში წამოჭრილი პრობლემის აქტუალობასთან.
 მოსწავლეებმა,გამოწვევის ფაზაზე გაღვივებული ინტერესისა და საკუთარი აღქმის უნარების გაკონტროლების შემდეგ,ძველი და ახალი ინფორმაციების ინტეგრირება შეძლეს და დაიწყეს აზროვნების კონსტრუირება მაშინ,როცა ჯგუფებში სამუშაოდ მივეცი წარმოეჩინათ  XX  საუკუნის  10-20-იან წლებში ეპოქის,ინტელიგენციისა და კანონის ურთიერთმიმართება,მნიშვნელობა და როლი ისტორიული მახასიათებლებით,ღირებულებებით,სისუსტეებითა თუ შეცდომებით. პრეზენტაციები იყო დამაჯერებელი და არგუმენტირებული,მსჯელობა თანმიმდევრული და ორგანიზებული.
რადგანაც გაკვეთილის სტრუქტურირებისთვის ავირჩიე არაპირდაპირი სწავლების სტრატეგია, მოსწავლეებს მაქსიმალურად შევუწყე ხელი აქტივობები ყოფილიყო საინტერესო და პროდუქტიული,რომლებმაც წაახალისეს მათი ჩართულობა როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებში. პრეზენტაციებს მონაცვლეობით აკეთებდნენ და შესაბამისს კითხვებსაც უსვამდნენ .
 ამ მხრივ,ინტერესმოკლებული არ ყოფილა ჯგუფებში მუშაობისას მიცემული დავალება სახელწოდებით ,,ძალადობის ფორმები’’,რომელიც მოითხოვდა მათგან როგორც ზოგადი ცოდნის დემონსტრირებას,ასევე მსჯელობით,ანალიზით,მოკვლევითა და არგუმენტირებული მტკიცებულებებით ჯაყო ჯივაშვილის მიერ გამოყენებული ძალადობის ფორმების მახასიათებლების გამოკვეთას და ახსნას. მოსწავლეებმა აქაც დამაჯერებელი და აქტივობის მიზანზე მორგებული, ამომწურავი პასუხები დააფიქსირეს.ურო მეტიც, გამოავლინეს ინიციატივა და ჯგუფის პრეზენტატორებს ექსპრომტად დაუსვეს შეკითხვები,რამაც გაკვეთილის დინამიურობას უფრო მეტი შინაარსი შესძინა.




ჩემი აზრით,ამგვარად წარმართული პროცესი ნამდვილად ესადაგებოდა კონსტრუქტივისტული გაკვეთილის პრინციპებს,რადგანაც მიცემული დავალებები მაღალი სააზროვნო დონის შეკითხვებით განისაზღვრებოდა,რაც ხელს უწყობდა მათში მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას.მე კი ვიყავი ფასილიტატორის როლში და ხელს ვუწყობდი დასკვნის ჩამოყალიბებაში. კერძოდ, მინილექციის დროს ვუჩვენე პოსტერი ,,იერარქიული რუკა’’,რომელზეც სოციოლოგიური კვლევის შედეგი იყო აღბეჭდილი-პიროვნების თავისუფლებიდან მონად ქცევის ეტაპების თანმიმდევრული ასახვით. მოსწავლეები ინტერესით დააკვირდნენ და ჩემ მიერ შეთავაზებული წინადადებით ამოიცნეს მასში პერსონაჟთა (თეიმურაზ ხევისთავისა და მარგო ყაფლანიშვილის) იდენტური ქცევა და სულიერი განწყობა. შემდეგ ვუჩვენე კრიტიკოსთა კვლევის შედეგიც  (სქემაზე აღბეჭდილი პერიოდიკით), სადაც გაჟღერებული იყო პერსონაჟთა შესაძლო გადარჩენის პრევენციები და გამოკვეთილი იყო მათი საბოლოოდ დამონების მიზეზები. მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი ხედვა,შეაფასეს იდენტურობა კვლევასთან.
ვიზუალურმა სოციოლოგიურ-კრიტიკულმა  მიდგომებმა  მოსწავლეებში მოტივაცია უფრო განამტკიცა და გამოთქვეს მზაობა წარმოეჩინათ საკუთარი მიდგომა ჯგუფური პრეზენტაციებით, რომლებიც დავალებად ჰქონდათ მიცემული.  ამ აქტივობით უნდა განესაზღვრათ პერსონაჟთა ხედვა, სულიერი მდგომარეობა,ღირებულებები,მიდგომები,უნდა აეხსნათ პიროვნული აღზევებისა და დაცემის რეალური მიზეზები,ემსჯელათ საკუთარ დამოკიდებულებასა და შეფასებაზე,რასაც ადვილად,დამაჯერებლად და არგუმენტირებულად გაართვეს თავი.
შეჯამების ფაზაზე ვუჩვენე პოსტერზე გამოსახული მწერლის ხედვა ,,გროტესკული რეალიზმი მკითხველთათვის’’,რომელშიც ასახული იყო მინიშნება ,თუ რატომ უნდა აღშფოთებულიყო ერი და  ამხედრებულიყო მორალური დაცემის წინააღმდეგ, გაეკონტროლებინა ზნეობა,რათა ბრძოლისუნარიანობა შესძენოდა და დაეცვა პიროვნული თავისუფლება,რაც პერსონაჟთა ყოფასა და ქცევაში ვერ აისახა.მოსწავლეებმა დაასკვნეს,რომ თეიმურაზ ხევისთავი ხატი იყო იმდროინდელი უსუსური ინტელიგენციისა,ჯაყო ჯივაშვილი-ქვეყანაში გაბატონებული ძალადობა-ბოროტებისა,ხოლო მარგო ყაფლანიშვილი სახე დაუცველი და შეურაცხყოფილი საქართველოსი.მათი დასკვნის საფუძველზე და  მწერლის სათქმელის გასამყარებლად,   წყაროდ გამოვიყენე  აკაკი ბაქრაძის ,,შეგონება მკითხველთათვის’’, რომელმაც დამაჯერებლობა შესძინა ნაწარმოების კონცეპტუალურობის არსსა და მნიშვნელობას,დააფიქრა ჩვენი ეპოქისთვისაც დამახასიათებელ საშიშ და საგულისხმო  ფაქტორებზე ხევისთავებისა და ,,ჯაყოობის’’ გამრავლება-წახალისების შემთხვევაში.მოსწავლეების მხრიდან რეაქცია იყო პოზიტიური და ადეკვატური. დავალებად მივეცი ესე -,,თავისუფლებიდან მონობამდე’’.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს შევთავაზე (ჯგუფური ურთიერთშეფასების რუბრიკით) შეეფასებინათ  ჯგუფების მუშაობა. მოსწავლეები შევაფასე განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებით.
რესურსად გამოვიყენე:ფლიფჩარტები,მუყაოს დოლურები,ფერადი სტიკერები და თაბახის ფურცლები,სოციოლოგიური კვლევის ამსახველი სქემა, კრიტიკოსთა შეფასების ამსახველი პოსტერი; წყარო-აკაკი ბაქრაძე-,,ქართული მწერლობის განხილვა’’-კრებული ,,სკოლას’’(გამომცემლობა ,,უნივერსალი’’-თბ.2004 წ.);
ვფიქრობ,  რომ გაკვეთილი გეგმის მიხედვით წარიმართა,არ დამჭირვებია კორექტირება,დროის მენეჯმენტი ზუსტად იყო დაცული.
გამოვკვეთ რამდენიმე საკითხს,რომელიც შემდგომში გაკვეთილის ჩატარებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინო:
ü    უფრო მეტად განვავითარო თვითდაჯერებულობის,რწმენისა და გამბედაობის განცდა სუსტ მოსწავლეებში;
ü  გამოვიყენო აუდიო-ვიდეო მასალა რესურსის სახით;


                                                                                           
                                                                                           ქეთევან გიორგაძე
                                                                                           2.02.2018 წ.


Комментариев нет:

Отправить комментарий